აქტუალური
საზოგადოება ტოტალური ტყუილის ატმოსფეროში ცხოვრობს - ირმა ინაშვილი

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ლიდერებმა გოჩა თევდორაძემ და ირმა ინაშვილმა ბათუმში პრესკონფერცია გამართეს და თავიანთი პოლიტიკური გუნდის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

ირმა ინაშვილის სიტყვებით, კვლევა 15 სექტემბერს, ბათუმიდან დაიწყეს და პირველად ბათუმელები გამოკითხეს.

სამი კითხვისგან შემდგარ გამოკითხვაში 77 ათასმა ბათუმელმა მიიღო მონაწილეობა.

ირმა ინაშვილის სიტყვებით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოება ტოტალური ტყუილის ატმოსფეროში ცხოვრობს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 69% - ანუ 53 ათას 130 ბათუმელი - მხარს მიუმხრობლობას ანუ ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს უჭერს. თავს იკავებს პასუხის გაცემისგან 16%. წინააღმდეგია მხოლოდ 15%.

გამოკითხულთა 75 % მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგით სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. 14% თავს იკავებს პასუხის გაცემისგან, 11% წინააღმდეგია.

64% თვლის, რომ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობა იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, პასუხის გაცემისგან თავს იკავებს 25%, ხოლო წინააღმდეგია 11 %“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილმა და გოჩა თევდორაძემ კვლევის მეთოდოლოგია ვერ განმარტეს, მხოლოდ ის თქვეს, რომ გამოკითხვა კარდაკარ პრინციპით ჩატარდა. მათ პასუხი არ გასცეს შეკითხვას, რა დაუჯდათ კვლევის ჩატარება.

ირმა ინაშვილი აპირებს, კვლევის შედეგები პარლამენტს წარუდგინოს.

ბათუმის შემდეგ გამოკითხვას ქუთაისსა და ზუგდიდში ჩაატარებენ, გაზაფხულზე კი თბილისელებს გამოკითხავენ.