სამართალი
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველომ არ უნდა თქვას უარი რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის ეთერში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის შუამავლობით შედგა.

დიალოგი რუსეთთან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ ფორმატებში, რომელიც გვაქვს, ჟენევა, პრაღა და თუ სამომავლოდ ამის აუცილებლობა იქნება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავუაროთ გვერდი ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებოდა.

ძალიან რთულია ეს დიალოგი. ჩვენ არ გვქონდა ილუზიები, რომ ერთი შეხვედრით რაღაც გარღვევა მოხდება. იმის განცდაც გვქონდა, რომ შეიძლება ყოფილიყო რთული შეხვედრა. 11 წლის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა, ამიტომ არ იყო მოსალოდნელი და არ ველოდით, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, შესანიშნავი შედეგები გვექნებოდა და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა“, – განაცხადა აბაშიძემ.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული. პრაღაში განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემები, ჰუმანიტარული პრობლემები და ა.შ. პოლიტიკური პრობლემები - ჟენევაში მოლაპარაკებების თემაა.

საქართველოს და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. შვეიცარიის საელჩოებში თბილისსა და მოსკოვში შესაბამისად რუსეთის და საქართველოს ინტერესთა სექციებია განთავსებული.