რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინგუშ უხუცესებს შეხვდა

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინგუში უხუცესები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა თავის მხრივ ხელი შეუწყონ კავკასიაში სტაბილურობას.

სტუმრებმა ისაუბრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ქართველებს მოძმე ხალხად აღიქვამს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ქართველებს ემუქრება, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ იმედი გამოთქვა, რომ კავკასიის ხალხები ძმური სიყვარულით და ურთიერთ თანადგომით გააგრძელებენ ცხოვრებას.