აქტუალური
გიორგი გახარია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.

საფინანსო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ, 2019-2023 წლების სტრატეგიას.

საქართველოსთან აზიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან თანამშრომლობს და დღემდე ქვეყნის განვითარებისთვის 2.8 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია 23 აგვისტოს დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.