უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - რუსი დეპუტატებისთვის ამერიკის ვიზის გაცემაზე უარი შემაშფოთებელი და მიუღებელია, ამას მოსკოვისა და გაეროსგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. შეერთებულმა შტატებმა რუსი კანონმდებლებისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმით საერთაშორისო წესები დაარღვია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „მიუღებელია“ და ამ ქმედებას როგორც მოსკოვისგან, ასევე ვაშინგტონისგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„სიტუაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. ვაშინგტონი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. ეს არის ვაშინგტონის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა, ვინაიდან ეს არ არის ორმხრივი ვიზიტი, არამედ ეს გახლავთ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე,“ - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-ს არ აქვს უფლება იმ ადამიანებს, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებიან, რაიმე სახის შეზღუდვები დაუწესოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუს დეპუტატებს ვიზების მიცემაზე უარი უთხრა, რის გამოც ისინი გაეროს გენერალურ ასამბლეას ვერ დაესწრებიან.

interpressnews.ge