სამართალი
„მეც პატიმარი ვარ!“

mec_patimari18 მარტს, 18 საათზე, კინოს სახლთან მედიაკავშირ „ობიექტივის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე – „მეც პატიმარი ვარ“ – 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციას, რომელსაც მედიაკავშირის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი უძღვებოდა, პატიმართა ოჯახების წევრები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები, ადვოკატები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ ერთხმად გამოხატეს პროტესტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სასტიკი პირობებისადმი.

აქციის მსვლელობისას რუსთაველის ძეგლის გვერდით განლაგებულ რამდენიმე მაგიდასთან „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტზე ხელმოწერებს აგროვებდნენ და სპეციალურად ამ აქციისთვის დაბეჭდილ გაზეთ „ობიექტივს“ არიგებდნენ, სადაც პატიმრების ცემა-წამების კონკრეტული ფაქტები იყო გაშუქებული.

აქციის მსვლელობისას მონაწილეები ოვაციით შეეგებნენ ახლახან დაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობა „ივერიელების“ გამოჩენას, რომლებიც აქციას ზანდუკელის ქუჩიდან შემოუერთდნენ ტრანსფარანტებითა და შეძახილებით: „ჩვენ ვართ იქ, სადაც სიმართლეა და სიმართლე დღეს არის აქ!“

კინოს სახლის წინ გამართულ აქციას შემთხვევით შეესწრო საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე. იგი მეუღლესთან ერთად იჯდა მანქანაში, რომელიც ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩადიოდა იმ დროისთვის, როცა აქცია დასასრულს უახლოვდებოდა.

„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა და ამავე მოძრაობის მედიაომბუდსმენმა ირმა ინაშვილმა აქციის მონაწილეებს გარკვეული მოთხოვნები, გადაწყვეტილებები და გეგმები გააცნეს, რომელთა მიღება კინოს სახლთან შეკრებილმა საზოგადოებამ ხელის აწევითა და ტაშით დაადასტურა.

2011 წლის 18 მარტის აქციის – „მეც პატიმარი ვარ“ – ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მიიღეს შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:

„დღევანდელი დღე, 2011 წლის 18 მარტი, გამოცხადდეს საქართველოში პატიმართა წამების აღკვეთის დღედ.

უახლოესი სამოქმედო გეგმა:

დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიეცეთ მონიტორინგის განხორციელების საშუალება;

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმ დამნაშავე პირთა მიმართ, რომლებიც მხილებულნი არიან პატიმრების ცემასა და წამებაში;

„წინააღმდეგობის მოძრაობასა“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დაეთმოს საეთერო დრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში;

შეიქმნას სამკაციანი საგანგებო ჯგუფი ნანა კაკაბაძის, დავით ლილუაშვილისა და ჯემალ სეფიაშვილის შემადგენლობით, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს დღევანდელ აქციაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას მოსთხოვენ;

 

მოქმედების პარალელური გეგმები:

საქართველოს პარლამენტში უზრუნველყოფილ იქნეს „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიერ შემუშავებული ფართო ამნისტიის კანონპროექტის შეტანა;

დაიწყოს სამოქალაქო პროტესტის ორგანიზება:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან;

ბ) პატიმართა ცემასა და წამებაში მხილებულ პირთა საცხოვრებელ სახლებთან;

გ) იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ხელს უწყობენ და ფარავენ დანაშაულს, აყალბებენ რა ნაწამები პატიმრების გარდაცვალების გარემოებებს;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან;

საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ „წინააღმდეგობის მოძრაობა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც კვალიფიციური სპეციალისტებით (ადვოკატებით, ჟურნალისტებით, მედიკოსებით) უზრუნველყოფენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაფიქსირებულ დარღვევებსა და დანაშაულებებზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ“.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქცია განახლდება 25 მარტს, 16 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წინ (ყაზბეგის №42).

 

ირმა ინაშვილი – ჟურნალისტი, „საერთო-სახალხო მოძრაობის“ მედიაომბუდსმენი: „ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ციხეებში შეწყდეს პატიმართა წამება. აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი ამნისტიის შესახებ, ასევე, აუცილებელია, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდეს სამოქალაქო პროტესტი. უნდა იგრძნონ პატიმრების მწამებელმა ჯალათებმა, რომ მათ აკვირდება საზოგადოება და რომ ისინი დაუსჯელები არ დარჩებიან. 18 მარტი გამოცხადდება წამების აღკვეთის დღედ საქართველოში“.

ლადო სადღობელაშვილი – მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“: „უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ მოხერხდა ადამიანების კონსოლიდაცია ერთი თემის ირგვლივ – „პატიმრები!“ ამ აქციით გვინდა, ყველამ ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს რეპრესიები, ტერორი, წამება. მე მივმართავ თქვენი სააგენტოს საშუალებით მოსახლეობას: მოდით, ხალხნო, შემოგვიერთდით მოაწერეთ ხელი ამ ფართომასშტაბიანი ამნისტიის კანონს ხელი, რათა შევძლოთ 40 000 პატიმრის რაოდენობის შემცირება 5 000-მდე!

საპატიმროებიდან ყოველდღე გამოჰყავთ, სულ მცირე, ერთი გარდაცვლილი პატიმარი. საპატიმროებში გამეფებულია წამება და სიკვდილი. ჩვენ ამ ინფორმაციას გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვიღებთ. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება!“

ლაშა ჩხარტიშვილი – „კონსერვატიული პარტიის“ წევრი: „ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და, განსაკუთრებით, პატიმრებთან დამოკიდებულებაში, კატასტროფაა! არის უამრავი უკანონო პოლიტიკური პატიმარი. ამასთან, ყველა პატიმარი გაუსაძლის აუტანელ საცხოვრებელი პირობებში იმყოფება, რის გამოც ისინი ავადდებიან მძიმე დამღუპველი დაადადებებით. იღუპებიან წამების შედეგად. ამ ყველაფერს თამამად შეიძლება დავარქვათ ქართველი ერის გენოციდი.

არ შეიძლება ქვეყანაში დაშვებული იყოს ის, რომ შერჩევითი სამართლიანობის შედეგად წვრილმანი დარღვევისა და დანაშაულის გამო ადამიანებს ათობით წელი ჰქონდეთ მისჯილი, ხელისუფლებას კი ამ დროს შეწყალება მკვლელებისთვის გამოჰქონდეს.

საზოგადოების ვალია, გაათავისუფლოს უდანაშაულო, უკანონო პატიმრები; მოითხოვოს ყველა პატიმრისათვის ადამიანური საცხოვრებელი პირობები, ადამიანური მოპყრობა და წამების შეწყვეტა. საქართველოს განთავისუფლება ჩვენ უნდა დავიწყოთ უკანონო პატიმრების განთავისუფლებით!“

გელა ნიკოლაიშვილი – ადვოკატი: „გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საპატიმროებში სრულიად აუტანელი მდგომარეობა შექმნილი, ზოგადად, ადამიანის უფლებათა და, კონკრეტულად, პატიმრების უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, და რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრ პატიმარს ხელოვნურად აქვს დამძიმებული სასჯელი, ნაწილი კი საერთოდ უდანაშაულოა და, რაც მთავარია, საპატიმროებში არის შექმნილი არაადამიანური და ღირსებისშემლახველი პირობები, მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, ამ ყველაფრის მიმართ გამოვხატო პროტესტი და ხელისუფლებას მოვთხოვო არსებული სიტუაციის შეცვლა. ამიტომაც ვდგავარ დღეს ამ ხალხის გვერდით!“