სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მხარდასაჭერად პარლამენტთან კარავი დაიდგა

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მხარდასაჭერად კარავი გაშალეს.

კარავი პარლამენტის წინ „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელთა ინიციატივით დაიდგა. მათი განცხადებით, კარავი იქნება პარლამენტთან, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, მთავრობას საუბარი არ ესმის და დაჭერებს, რეპრესიებსა და მუქარებს განაგრძობს.

დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს „გავრილოვის ღამის“ 14 პოლიტპატიმარი, დაწყებული კოშაძით, გაგრძელებული მაჩალიკაშვილით, თამლიანით და დასრულებული ირაკლი ოქრუაშვილით. აქ კარავში ვიქნებით პარტიის წევრები და სხვა ადამიანები. გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკოსთან, ისეთ ქართველებთან, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვეცდებით, სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, 21-საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომელთაც სამშობლო უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ. მინდა, ყველას ვუთხრა, ეს კარავი არ იდგმება მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილისთვის, იქნება ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, მოვიდნენ აქ, დადგნენ და გამოხატონ პროტესტი, შეაგნებინონ ხელისუფლებას, რომ მათი დრო დასრულებულია“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები. ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. 19 სექტემბერს კი, ირაკლი ოქრუაშვილი და მასთან ერთად ორი ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.