აქტუალური
საქართველომ რუსეთს რფ-ის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის ძებნილი ტერორისტი გადასცა

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რამზან ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის ექსტრადირება რუსეთში უკვე განხორციელდა.

მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა, პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექსტრადირებით არ დარღვეულა არანაირი სტანდარტი, რომელიც სტრასბურგმა დააწესა.

არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი. იგივე დასკვნამდე მივიდა სხვათა შორის ჩეჩნების ძალინ ცნობილი საქმემდე სტრასბურგის სასამართლო, როცა წერილობითია გარანტიები, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ გარანტიებში ჩვენ ეჭვი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.