სამართალი
გიორგი გახარიამ და მედლინ მუნმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და განსაკუთრებით აღნიშნეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მედლინ მუნმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და განაცხადა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელების პროცესს.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე. დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის უსაფრთხოების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.