აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ლორა კუპერს შეხვდა

 ​საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი იყო მთავარი საკითხები, რომლებიც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლორა კუპერთან განიხილა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ლორა კუპერს უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხი განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

მათივე ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ლორა კუპერს აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.

სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლორა კუპერმა.