აქტუალური
რუსეთთან პირდაპირი დიალოგი საქართველოსთვის მართებული არ იქნება - დევიდ კრამერი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ყოფილი დირექტორი და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დეოკუპაციის საკითხზე პირდაპირი დიალოგი მართებული არ არის.

ვფიქრობ, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ოკუპაციის პრობლემას არ გადაჭრის. ეს მძიმე პროცესი 10 წელზე მეტია, გრძელდება. დეოკუპაციისთვის აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე. იმავეს ვფიქრობ უკრაინის შემთხვევაშიც“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეცდომა იყო, როდესაც 11 წლის წინ დასავლეთმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე სათანადო პასუხი კრემლს არ გასცა და ეს პასუხი პუტინის რეჟიმმა მხოლოდ 2014 წელს მიიღო.

სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ თავის დროზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა, რასაც შემდეგ მოჰყვა უკრაინის ტერიტორიის ანექსია. ვფიქრობ, ეს პასუხი რუსეთს უფრო ადრე უნდა მიეღო, სწორედ საქართველოს გამო“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.

რამდენიმე დღის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პირდაპირი დიალოგი ამ შემთხვევაში ეფექტიანი არ იქნება.

პირდაპირი დიალოგი ყოველთვის ეფექტური არ არის, სამწუხაროდ, რუსეთის შემთხვევაში ეს არაფრის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ ურყევად უნდა განაგრძოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ ქვეყნის მხარდაჭერა. ეს იქნება რუსეთზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი“, – განაცხადა კრამერმა.

დევიდ კრამერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ევროპელ და ამერიკელ ანალიტიკოსებთან ერთად სოფელ ოძისში ჩავიდა, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული.