აქტუალური
რეგულარულად გვიწევს იმ მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება - ქეთევან ციხელაშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. 11 წელია ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, რეგულარულად გვიწევს იმ ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მან საოკუპაციო რეჟიმების მიერ მოკლულ ქართველ ახალგაზრდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. ციხელაშვილის თქმით, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ცოცხალ საფრთხესთან.

ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა იგივე სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად 2 დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმეა, როდესაც ეს ყველაფერი ეხება ადამიანის სიცოცხლეს. უმძიმესი შემთხვევები, ჩვენი 4 ახალგაზრდის, ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიასი, არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი გვაჩვენებს და შეგვახსენებს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისა და ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის, რაც გვავალდებულებს, რომ ვიყოთ ძალიან გონიერები და პრინციპულები ამ საკითხების დაძლევისას.“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მოწყვლადია გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობა, სადაც, ციხელაშვილის თქმით, მათი ეთნიკური კუთვნილება დისკრიმინაციის საფუძველია.

სწორედ ამიტომ ეს მოსახლეობა, მათი უფლებების დაცვა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება იყო და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი. არ გვავიწყდება, ასევე, კოდორის მოსახლეობა, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდულია, თუნდაც იგივე გადაადგილების შესაძლებლობით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.