სამართალი
სიცრუეა განცხადებები, რომ საქართველო არის გამქრალი საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან, ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ კარგია მობილიზაცია, რეზოლუციები, რომელსაც ვიღებთ, სხვადასხვა ფორმატების გამოყენება, მაგრამ საქართველო არის გამქრალი საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით, ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

მე კონკრეტული ფაქტებით ველაპარაკები ოპონენტებს, როდესაც მომყავს კონკრეტული ფაქტები უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებიდან, ეს არის სიცრუე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. კონკრეტული ფაქტები, რომელზეც გესაუბრებით, საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამბობენ, კარგია რეზოლუცია, მაგრამ უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტების შეხვედრაზე არ არის საქართველოს საკითხი გამოტანილი. ამ დროს, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. სულ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების, მნიშვნელოვანი თემატკის განხილვისას, საქართველო იყო დასახლებული როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი და საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის პროცესი. ასევე, ესტონეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის დროს, ჩვენი თემატიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული თემატიკა, მისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში გამოიტანა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, საქართველოს თემაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრების დროსაც იყო საუბარი.

ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრების დროსაც, ბოლო შეხვედრაზეც და მანამდე გამართული შეხვედრაზეც, ჩვენს თემატიკაზე იყო საუბარი. დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესს თავისი სპეციფიკა აქვს, თავისი ნიუანსები აქვს. ხშირად მოლაპარაკების პროცესში გაჟღერებული თემატიკა, შესაძლოა, დარჩეს მოლაპარაკების პროცესში და არ იყოს საჯაროდ გაჟღერებული ტაქტიკური მოსაზრებების გამო, მაგრამ ფაქტი ერთია – ჩვენ ყველა დონეზე, ჩვენს ყველა დასავლელ და სტრატეგიულ პარტნიორთან ამ საკითხს ვაყენებთ, რომ საქართველო წინ იყოს წამოწეული მათი ორმხრივი ურთიერთობის საკითხში რუსეთთან და ეს არის ფაქტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.