უცხოეთი
ბალტიის ზღვაში ნატო-ს წვრთნები დაიწყო

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ბალტიის ზღვაში ნატო-ს წვრთნები მიმდინარეობს. საზღვაო მანევრებში 3 000 სამხედრო მოსამსახურე და 40 გემი მონაწილეობს. როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, წვრთნებში 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებები დანიის საზღვაო არხებთან ახლოს იმართება და 3-დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნების სცენარის მიხედვით, გამოგონილი აგრესორი ქვეყანა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებს და საზღვაო მიმოსვლას აფერხებს. მანევრების ფარგლებში, ალიანსის წევრები საზღვაო ბრძოლას, საჰაერო თავდაცვასა და განაღმვით სამუშაოებში გაივლიან სწავლებას.

„ბალტიის ზღვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსისთვის, ის ნატო-ს ექვს ქვეყანას ესაზღვრება. ეს წვრთნები 13 წელია, იმართება. სამწუხაროდ, რეგიონის უსაფრთხოება გაუარესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მოსკოვის მხრიდან სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შემდეგ“, – განაცხადა ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ.

1tv.ge