სამართალი
სანდრა რულოვსი - ბიძინა ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა ძალიან ცუდის ნიშანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრად გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს პრემიერის პოსტზე.

„ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რომ ბიძინას არ შერჩება, მე ვიტყოდი, რომ ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. რუსეთი ყველგან პოულობს თავის მტერს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ბიძინას ერთი პროცენტი ჯანმრთელი აზროვნება თუ მაინც აქვს დარჩენილი და უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, აქციის მონაწილეებმა მთელ მსოფლიოს უნდა გააგებინონ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დიდი პროტესტის ფონზე ხდება.

„ჩვენ გვრჩება პროტესტი. უნდა გავაგებინოთ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ ამ კაცის დანიშვნა ხდება დიდი ხალხური პროტესტის ფონზე და ასე თუ იწყებს პრემიერი თავის მოღვაწეობას, ის აუცილებლად ცუდად დამთავრდება. მშვიდობიანი აქციები იქნება, ოღონდ ძალიან მასიურად და ნამდვილად არ უნდა დაველოდოთ კიდევ 2020 წელს. ვფიქრობ, წელს უნდა მოხდეს ცვლილება. 2020 წელს უკვე ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, აღარ იქნება. არ ვარ პესიმისტი, ვარ ოპტიმისტი იმ მხრივ, რომ მასიურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის კაცი დაგვისვეს სახელმწიფოს მეთაურად. რასაც ახლა ვაკეთებთ, იგივე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიდგეთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და როდესაც ხალხი ერთიანია, ვერავინ მოერევა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

1tv.ge