სამართალი
შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შევთანხმდით, რომ ვითარების დეესკალაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები - კახაბერ ქემოკლიძე

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარების დეესკალაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

ამის გარდა, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში, სადაც იმართება ხოლმე ჯგუფის შეხვედრები. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ შევუდგებით დღეიდანვე“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, საგუშაგოს ლოკაციაზე არის ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გააჩნია დე ფაქტო ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ჩვენ გავუზიარეთ განსხვავებული პოზიციები ერთმანეთს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

ამასთან, რაც შეეხება ულტიმატუმის ენას, ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ მისმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ ულტიმატუმის ენა მათი განზრახვა არ ყოფილა.

რაც შეეხება საგუშაგოს ლოკაციას, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა.

ყველა იზარებს პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში. საგუშაგო მოცემულ მომენტში რჩება თავის ადგილზე. მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვს შეშფოთების მიზეზი, იგივეს გავუმეორებ ოკუპირებული წნელისის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

ქართულ მხარესთან ერთად, 30 აგვისტოს შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აგრეთვე, ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.