აქტუალური
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად - საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. პარიზში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესკავშირების გაძლიერებას და ინვესტიციების წახალისებას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ფრანგული ინვესტიცია განხორციელდეს და მეტი ფრანგი ტურისტი ეწვიოს საქართველოს. როგორც ბრუნო ლე მერმა განაცხადა, ის მოუთმენლად ელოდება საქართველოში პირველ ვიზიტს.

მქონდა პატივი, მემასპინძლა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მე გადავეცი პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი მზად არის, მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. ვფიქრობ, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, მაგალითად ტურიზმში. ვფიქრობ, მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტრასპორტის მიმართულებით, ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე. მე ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არის სივრცე ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი. მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.