საზოგადოება
ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ორ რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მიმდინარე ოკუპაციის, სხვადასხვა ფორმის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში, ვალდას ადამკუსის სახელობის ყოველწლიური კონფერენციაზე „ბალტიური გზა საუკეთესო გზაა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს დამოკიდებულები იყოს ოკუპაციასა და ზეწოლაზე, რომელიც საქარველოს წინააღმდეგ ხორციელდება.

ეს ძალიან მტკივნეულია და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან აქტიური უნდა იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენ ევროკავშირისგან გვჭირდება ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის არის ბორდერიზაციის საკითხი და ჩვენს რთულ მეზობელთან ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ტერიტორიების ოკუპაცია, ბორდერიზაცია, ინდივიდების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სოფლების დაყოფა რუსეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების ცალსახა დარღვევაზე მეტყველებს“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ გავააქტიუროთ მოლაპარაკებების ფორმატი, რათა ამას რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა მივცეთ. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ წავალთ ჟენევაში, ვისაუბრებთ და არაფერი შეიცვლება. მხარდაჭერა გვჭირდება ასევე იმისთვის, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები. გვჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ გადავლახოთ კონფლიქტი და ოკუპაცია. ბორდერიზაციის პრობლემაზე შორიდან თუ ახლოდან მხოლოდ ყურება სიტუაციას არ შეცვლის. ევროპამ და ევროპელმა ლიდერებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, მუქარასა და ძალის გამოყენებაზე უარი თქვას და კანონის შესაბამისად იმოქმედოს“.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.