აქტუალური
რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა არის მორიგი პროვოკაციული ქმედება - სუს-ი

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) რუსული საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს.

სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება.

„ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

21 აგვისტოს რუსულმა ვერტმფრენმა დაახლოებით, 12:00 საათისთვის სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დილიდან განაახლეს. რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავდათ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.