სამართალი
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

​საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თაღლითები ვებგვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ყალბი ვებგვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას.

თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი.