საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პრესის ჯიხურებში გამოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტესტების პერიოდული გამოცემები. ტესტები განკუთვნილია როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, ისე აბიტურიენტთათვის („აბიტურიენტი“, „სასკოლო ტესტები“ და სხვ.)
რაც შეეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცემებს, მათი შეძენა და გამოცდებისთვის მომზადება შესაძლებელია იმ სახელმძღვანელოებით, რომელთა გამოწერა მსურველს შეეძლება პრესისა და წიგნების გავრცელების სააგენტო „ელვასერვისის“ დახმარებით.
სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, წიგნები შეუკვეთონ სააგენტოს ცხელი ხაზის ან ვებგვერდის საშუალებით.
თბილისის ფარგლებში წიგნების მიწოდება ხდება ადგილზე. წიგნების გამოწერა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში თანხის გადახდის დროსაც.
რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეებმა უნდა იხელმძღვანელონ „2011 წლის მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდების მინიმალური სტანდარტით“, რომელიც გამოქვეყნებულია გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აპრილში გეგმავს მასშტაბურ პრეტესტს. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა საგამოცდო საგანში ტესტური დავალებების მიღება და ვარჯიში შეეძლებათ.