თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც რომელიმე კომუნალური გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ, სადამსჯელო ღონისძიებების შეჩერებას მოითხოვენ.
„მხედველობაში გვაქვს ის ერთიანი ქვითრები, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს უკვე დაურიგდათ და რომლებშიც პირდაპირაა მითითებული, რომ რომელიმე გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, მიღებული გადაწყვეტილება იქამდე მაინც შეაჩეროს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას არ დაიწყებს, რომლის თანახმად, ერთიანი კომუნალური ქვითრის გაუქმებას მოვითხოვთ“, – განაცხადა გრიგოლიამ და ეჭვი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას განგებ აჭიანურებს.
ჯაბა სამუშიას თქმით კი, მერიამ საერთო კომუნალური ქვითრის შემოღებით აღიარა, რომ ვერ ასრულებს კონსტიტუციით მინიჭებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, კომუნალური გადასახადის მოკრება სწორედ მისი კომპეტენციაა.
ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და, შესაბამისად, სადამსჯელო ღონისძიებები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხევაში კი, მათი ვარაუდით, ხელისუფლება დიდ საპროტესტი ტალღას მიიღებს.