1882 წელს ახალგაზრდა იაპონელმა მეცნიერმა ძიგორო კანომ ტოკიოში გახსნა სპორტსკოლა „კოდოკანი”, რაც "გზის შემეცნების სახლს" ნიშნავს. პუტინი ზუსტად 70 წლის შემდეგ დაიბადა, მაგრამ სრულყოფილად დაეუფლა კანოს მიერ შემუშავებულ ორთაბრძოლის ახალ სისტემას - ძიუდოს, რაც "რბილ გზას" ნიშნავს.
"რბილი ძალაც" საბრძოლო ორთაბრძოლაა, მაგრამ იდეოლოგიური – ისევე, როგორც ძიუდო, ხისტი დაპირისპირების უგულებელყოფის პრინციპზე აგებული.
იაპონიაში არსებობს ლეგენდა, თუ როგორ ჩამოაყალიბა ძიუდოს პრინციპი ექიმმა სირობეი აკიამამ. დილაადრიან ბაღში სეირნობისას, მან შენიშნა, რომ დიდი ხეებისათვის ტოტები თოვლს დაემტვრია და მხოლოდ ერთი პატარა ხე იდგა ხელუხლებელად - მიწისკენ გადახრისას, თოვლის სიმძიმისგან თავი გაეთავისუფლებინა და კვლავ ამაყად იყო აღმართული. ამის დანახვაზე აკიამამ შესძახა: ”გამარჯვება, დანებებით!” და მართლაც – იყო მოქნილი - დათმო საბოლოო გამარჯვებისთვის, მაქსიმალურად გამოიყენო მტრის ძალა და მის წინააღმდეგვე მიმართო - სწორედ ეს არის ძიუდოს პრინციპი, რომლის რეალიზება პოლიტიკაში მხოლოდ დიდოსტატებს შეუძლიათ.
პუტინი ხელს არ უშლის ოპოზიციონერებს, გამოხატონ საკუთარი თავი, დააყენონ ლანძღვა-გინების კორიანტელი, მოაწყონ მრავალათასიანი მანიფესტაციები და ბოლომდე შეასრულონ დასავლეთელი სპონსორების დაკვეთა. ეს მათი მხილების საუკეთესო გზაა... ხოლო როდესაც, ცრუ დაუსჯელობით მოტყუებულნი და საკუთარი ძალებში გულუბრყვილოდ დარწმუნებულნი ყოველგვარ ზღვარს გადიან და კანონს არღვევენ, პუტინი ატარებს ილეთს ტატამზე, გნებავთ „ნარებზე“ მათ დასაგდებად.
დიახ, პუტინს ერთხელაც არ უთხოვია ტრამპისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმება არც მკაცრ კონტრაქციებზე დაუხარჯავს ძალ-ღონე, რადგანაც სანქციებს იძულებით შეერთებული აშშ-ის მოკავშირეები - ევროკავშირის ქვეყნები - ამის გამო დიდ ზარალს განიცდიან, თანდათან შორდებიან ამერიკას და უახლოვდებიან რუსეთს! ფაქტია: ამერიკულმა სანქციებმა კიდევ უფრო განამტკიცა რუსეთის ფედერაციის ურთიერთობები ტრადიციულ პარტნიორებთან - ჩინეთსა და ირანთან, ასევე თურქეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან. ამასთან, პუტინმა სანქციები ზეთანამედროვე სუპერიარაღის შექმნის საბაბადაც გამოიყენა, რომლის კონსტრუირება, რაღა თქმა უნდა, ამ სანქციების მიღებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო! სამაგიეროდ, დღეს აშშ-ის დაგვიანებული პასუხი - საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გამოსვლა - არადამაჯერებლად და უაზროდ გამოიყურება.
პუტინი რუსეთის შვილია, იმ რუსეთის, რომელიც მოქნილად "წაიხარა" ნაპოლეონისა და ჰიტლერის იერიშის წინაშე და თავის თვალუწვდენელ სივრცეებში, თვით მოსკოვამდე შეათრია მომხდური, ხოლო შემდეგ ამაყად გაიმართა წელში და უკუაგდო მტერი პარიზსა თუ ბერლინამდე! 1812 წლის სამამულო ომში, მთავარსარდალი კუტუზოვის მარჯვენა ხელი ქართველი ბაგრატიონი იყო, ხოლო 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში უმაღლესი მთავარსარდალი ქართველი სტალინი გახლდათ. თუმცა, გასული საუკუნის მიწურულიდან, როცა რუსეთისა და საქართველოს გზები გაყვეს, ქართველები გადაეჩვივნენ რუსების გაგებას...
რუსეთს ისტორიულად არ უმართლებდა მოკავშირეებში - დროს რომ იხელთებდნენ, ისინი ყოველთვის ღალატობდნენ ან აშანტაჟებდნენ, რათა უფრო დიდი ნადავლი დაეტყუებინათ მისთვის. ასე მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ასე გრძელდება დღემდე, როდესაც პუტინს „კიმონოზე“ ხელის ჩაკიდებით უწევს თავისი სტრატეგიული პარტნიორების შეკავება ევრაზიულ კავშირში, რათა დასავლეთისკენ არ გაექანონ საქართველოსა და უკრაინის კვალდაკვალ. ისინი კი ეშმაკურად სარგებლობენ ამით და პერმანენტულად უყენებენ რუსეთს ამა თუ იმ ულტიმატუმს, რის შედეგადაც დივიდენდებს ორივე მხარისაგან - რუსეთისაგან და დასავლეთისგანაც იღებენ. თუ რუსეთი კრიზისს დაძლევს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, შევევედრები და კვლავ ძმურად ჩაგვიხუტებს! - ფიქრობენ დასავლეთის დადუკზე მობუნავენი, - ხოლო თუ რუსეთი დაიშლება, მაშინ ჩვენც გვერგება ორიოდე ლუკმა! საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ყოფილი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ეს პოზიცია, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად სისხლის და ცრემლების მომტანია.
არადა, პუტინი მოწინააღმდეგის ბეჭებზე დაგდებამდე თავაზიანად აფრთხილებს მას: მიხეილ ნიკოლაევიჩ, პიოტრ ალექსეევიჩ, ნუ შეუტევთ ჩვენს თანამემამულეებს, რადგან მათ წყენინებას არ დაგანებებთ! ამერიკავ, ნუ გვაგლეჯ საქართველოსა და უკრაინას, რომლებთანაც საუკუნოვანი მეგობრობა გვააავშირებს! ამერიკის შეერთებულო შტატებო, ნუ დაესხმები თავს სირიას, ვენესუელასა და ირანს, ვისთანაც ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს!
რა მოიგეს უკრაინამ ან თუნდაც საქართველომ, რომელმაც სასწრაფოდ ჩააბარა მაკულატურაში გიორგიევსკის ტრაქტატი?! ერთხელ მაინც დაიცვეს ისინი ახალმა ”მეგობრებმა” - ნატომ და აშშ-მა, როცა რუსეთმა ყირიმი და დონბასი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაიღო?! და თუ რუსეთი მტერია, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო და უკრაინა, რომელთა ეკონომიკა და უსაფრთხოება 100 როცენტით არის დამოკიდებული მოსკოვის გადაწყვეტილებებზე, ებრძოლოს მტერს, რომელსაც აშშ-იც კი პანიკურად უფრთხის?!
განა უმჯობესი არ იქნება მოლაპარაკებების „რბილი გზის“ (იაპონ. „ძიუდო“) არჩევა, ვიდრე რუსეთისათვის „ოკუპანტის“ ძახილი და შეუვალი ულტიმატუმის წაყენება - ჯერ გაიწვიეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება, დააბრუნეთ ყირიმი და დონბასი, ხოლო შემდეგ, ჯანდაბას, ვისაუბროთ, ოღონდ ნატოზე უარს მაინც არ ვიტყვითო?! ქართველი ძიუდოისტები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, მაგრამ გვყავს კი “ძიუდოისტები” ქართულ და უკრაინულ პოლიტიკაში?! ეჭვი მეპარება...
აი, რატომ უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად! სწორედაც რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და სხვა არავინ! საქართველო და რუსეთი ეროვნული, მართლმადიდებლური სახელმწიფოები არიან, ამერიკის შეერთებული შტატებიც კი მხოლოდ ტრამპი როდი მართავს, არამედ კონგრესი, სახდეპი, პენტაგონი და ცე-რე-უ, რომელთაგან თითოეული ზოგჯერ საკუთარ თამაშს თამაშობს.
და თუ მოლაპარაკებების შედეგად "უცებ" აღმოჩნდება, რომ რუსეთი უწინდებურად საქართველოს მეგობარია და არა მტერი, მაშინ ძიუდოს პრინციპს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ მხოლოდ საუკუნოვანი ისტორიის ულამაზესი იაპონური ორთაბრძოლის ქართველი და რუსი ოსტატები!
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 19 აგვისტო
საქართველო, თბილისი