სამართალი
ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები ამ რთული გამოწვევის წინაშე გაერთიანდნენ - ელიზაბეთ რუდი მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ოკუპანტების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლებას გამოეხმაურა. რუდის თქმით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ მავთულხლართების გავლების პროცესი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ისევ განაახლა. რუდის თქმით ქართველები ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ამ რთული გამოწვევის წინაშე უნდა გაერთიანდნენ:

ეს ძალიან ნეგატიური განვითარეებაა. ის ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. აშშ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ყოველდღიურად საქართველოს მთავრობასთან ყველა გამოწვევაზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, მათ შორის ბორდერიზაციის საკითხზე, სოფელ გუგუნტიანთკარში მიმდინარე პრობლემაზე. ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.