საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
„რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ-ი ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო – ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.