საზოგადოება
რუსეთში ტურისტებს საქართველოს ნაცვლად სომხეთს და აზერბაიჯანს სთავაზობენ

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. რუს ტურისტებს კვლავ სურთ თბილისსა და ბათუმში გამგზავრება, მაგრამ ტუროპერატორები ცდილობენ მათ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები შესთავაზონ - ამის შესახებ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია ლომიძემ.

მისი ინფორმაციით, რუსული ტურისტული კომპანიები აქტიურად ყიდდნენ საქართველოში ტურისტულ პაკეტებს და ავიამომოსვლის შეწყვეტის გამო დანაკარგი ამ ბიზნესსაც აქვს.

ლომიძის თქმით, საქართველო რუსი ტურისტების ნაწილისთვის იქცა დამოუკიდებელ მიმართულებად და იქ ერევნის, სტამბოლის, ან მინსკის გავლით მიემგზავრებიან. „თუმცა, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეს ნაკადი შევაფასოთ, - თქვა მაია ლომიძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოში გამგზავრების მსურველ რუსებს ტურისტული კომპანიები ალტერნატივად სთავაზობენ სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.