აქტუალური
ივანე მაჭავარიანი ძველი საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელეკომპანიებს მიმართავს, დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის გრაფიკზე საკუთარი შეთავაზებები წარადგინონ

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანიებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდათ, მიმართავს, რომ ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის გრაფიკის საკუთარი წინადადებები წარადგინონ.

როგორც მან დღეს განაცხადა, რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება: იმედი“, „რუსთავი 2“ და მაესტრო.

მათ აქვთ ყველაზე მსხვილი დავალიანებები. „რუსთავი 2“-ის დავალიანება დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებშია, „იმედის“ – 19 მლნ- ფარგლებში, ხოლომაესტროს“ – 8 მილიონზე მეტი, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანებაა.

ზოგადად, ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა პერიოდში საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალებს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიის მსგავსი ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს და გეტყვით, რა არის ჩვენი ხედვა ამის მოგვარებისა და გასწორების“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანი განმარტავს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისი მოტივიც აქვს.

მოტივი არის ის, რომ არიან ტელევიზიები, გაცილებით მცირე ზომის, მაგრამ არ აგროვებენ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად. ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის სამართლიანი და მგონი, უხერხულიცაა. მაგალითად, აქ ვხედავტვ პირველისწარმომადგენელს და მიკროფონს. აღნიშნული ტელევიზია ამ წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა, ასევე იყო მაგალითად, „კავკასია“. ვფიქრობ, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ, ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, რასაკვირველია, პირველ რიგში, მოტივაცია არის, რომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, გასწორედეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, ძველი დავალიანებები საკმაოდ ბევრია და ერთბაშად და ახლავე მათი დაფარვა ტელეკომპანიებს გაუჭირდებათ, შეიძლება, ამის გამო მათი ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს. ეს კი, მინიტრის თქმით, არც ხელისუფლების და არც ზოგადად,საზოგადოების ინტერესში არ არის.

ამიტომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, მე, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა, მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში, უახლოესი ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა, მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებებით, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაჭავარიანის განმარტებით, საგადასახადო ტვირთის გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით მოდელები არსებობს.

თუმცა პირველ რიგში, რაც არის ყველაზე მთავარია და დღეიდანვე უნდა მოხდეს, ეს არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ, აღარ დააგროვონ ვალი. ეს არის მთავარი პირობა.

მესმის, რომ პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი და გამორჩეული სხვა ბიზნესსექტორისგან. ხვალიდანვე და უახლოეს პერიოდშიც უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.