უცხოეთი
რამზან კადიროვმა ეროვნული გმირი იმამი შამილი საერთაშორისო ტერორისტებს შეადარა

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მეორე ომთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიასაშუალებას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში კადიროვმა ხატაბის მებრძოლების ლიდერი იბნ ალ-ხატაბი, რომელიც 1999 წელს დაღესტანში შეიჭრა, იმამ შამილს შეადარა - დაღესტნელებისა და ჩეჩნების ეროვნულ გმირს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

"კამპანია „ხატაბი და კო“-ს ავანტიურა ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, შამილის მოქმედებებმა კი ხელი შეუწყო ჩეჩენი მოსახლეობის ნახევარზე მეტის განადგურებას და 20 წლის განმავლობაში მთელი ჩეჩნეთის გადაწვას, რის სანაცვლოდაც მან რუსი თავადის წოდება მიიღო", - განაცხადა ინტერვიუში კადიროვმა.

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კადიროვის ეს განცხადება არასანქცირებული აქციით გააპროტესტა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კადიროვი დაღესტნელებს არწმუნებს, რომ ჟურნალისტებმა მისი სიტყვები დაამახინჯეს.

imedinews.ge