საზოგადოება
გრძელვადიან პერსპექტივაში, კონსტიტუციაში 5%-იანი საარჩევნო ბარიერია ასახული, რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ეს არის ერთჯერადი - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გრძელვადიან პერსპექტივაში, კონსტიტუციაში 5%-იანი საარჩევნო ბარიერია ასახული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალელურად განუცხადა.

მისივე თქმით, წელს შეთავაზებული ნულოვანი ბარიერი ერთჯერადია და მისი მიზანი გარდამავალი პერიოდის შექმნაა.

საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციაში 5%-იანი საარჩევნო ბარიერია ასახული. ამის მიზანი და ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში 5%-იანი ბარიერი უნდა დარჩეს და ასეც იქნება. რაც შეეხება ნულოვან, ბუნებრივ ბარიერს, ეს არის ერთჯერადი. მიზანია, სწორი გარდამავალი პერიოდის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს იქნება გამოწვევა, პოლიტიკური სისტემისთვის, საზოგადოებისთვის. არის იმის რისკი, რომ მაგალითად ნულოვანი ბარიერის პირობებში ვერ ჩამოყალიბდეს სტაბილური მთავრობა, ასეთ რისკებს ძალიან ბევრი განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ. გერმანიაში 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი გაჭირდა მთავრობის ჩამოყალიბება, თვეები დასჭირდა ამას. ბუნებრივია, ასეთი რისკები იქნება. პროპორციულ არჩევნებთან არის დაკავშირებული ზოგადად ასეთი რისკები. ყველაფერი იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას, პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს. თუ ასეთი პასუხისმგებლობით მიეკიდება თითოეული სუბიექტი და მთლიანად საზოგადოება ამ პროცესს, ასეთ შემთხვევაში ნულოვანი ბარიერი, პროპორციული სისტემა პრობლემებს არ შექმნის, პირიქით ხელს შეუწყობს პარტიული სისტემის კონსოლიდაციას“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.