აქტუალური
როგორ აფასებენ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას "არააგრესიულ" ნარკოტიკებზე სპეციალისტები

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას. ამ გადაწყვეტილებამ სპეციალისტებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სასამართლომ უკუღმა გაიგო პრობლემის არსი.

ასეთი გაყოფა ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მაგალითად მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, ასევე, გარკვეული რაოდენობით, კანაფიც სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე რომ, ასეთი პრინციპით გაყოფა არასწორი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად და ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან. ანუ თუ ადამიანი იმ ნარკოტიკს იღებს, რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, გამართლებულია, რომ ის ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში. რადგან ციხეში სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა ზოიძემ.

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი გელა ლეჟავა კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე გამართლებული იყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ალბათ შექმნილ ვითარებაში შეიძლება იყოს გამართლებული, რომელი ნარკოტიკული საშუალება იწვევს სწრაფ მიჩვევას არის ჩამონათვალი და რამდენიმე ათეულია.

„რასაკვირველია, სპეციალისტები უნდა დავჯდეთ და შევარჩიოთ ის პრეპარატი, რომელიც სამწუხაროდ ხშირად გამოიყენება ჩვენთან, მაგრამ შედარებით ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს, ასეთი ორი პრეპარატის შერჩევა რასაკვირველია შეიძლება, ეს ბევრად სჯობს იმ გარემოებას, რომ „მოდი, ყველას მოვუხსნათ პასუხისმგებლობა".

მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის მოხსნა უნდა შეიცვალოს ისეთი ზომებით, რომლებიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას კონტროლი აწარმოოს ასეთ პირზე და მას შეუზღუდოს ან საერთოდ მოუსპოს ნარკოტიკის მიღების საშუალება, ეს არის მთავარი და თუ აღმოჩნდება, რომ ის იმიტომ იღებს ამ ნარკოტიკულ საშუალებას, რომ უკვე ჩამოყალიბებული აქვს დამოკიდებულება, მაშინ მივცეთ მას საშუალება, რომ რეალური ინდივიდუალური მკურნალობა გაიაროს, როგორც ეს მთელს მსოფლიოშია მიღებული. მისი ორგანიზმი მაქსიმალურად გაიწმინდოს და ნარკოტიკზე დამოკიდებულება შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე შევამციროთ", - ამბობს ლეჟავა „რეზონანსთან".

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია კონკრეტულად, რომელ ნარკოტიკებთან დაკავშირებით უქმდება პატიმრობა და შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრა პარლამენტის პრეროგატივაა.