სამართალი
„ბადაგონი“ ყოფილი პარტნიორებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს
badagoniiღვინის კომპანია „ბადაგონი“ ყოფილი პარტნიორებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. საქმე ეხება პოლონეთის მოქალაქეებს – ცოლ-ქმარ კრამაროვს, რომლებიც „ბადაგონის“ ბრენდსა და სასაქონლო ნიშნებზე პრეტენზიას აცხადებენ. კერძოდ, მათ ღვინის კომპანიებს დაუგზავნეს ინფორმაცია, თითქოს „ბადაგონი“ ევროკავშირის ქვეყნებში სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლებას ყიდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დეზინფორმაციას თაღლითების ჯგუფი შეგნებულად ავრცელებს, რაც ქართულ ღვინოზე მორიგი გამიზნული დარტყმაა. „საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რის გამოც კომპანია უფლებას იტოვებს, ის სამართლებრივი გზით გადაჭრას“, – განაცხადა „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიზა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, პოლონელი ცოლ-ქმარი თავის დროზე კომპანიასთან თანამშრომლობდა და მას პოლონეთში ქართული ღვინის დისტრიბუცია-რეალიზაციაში ეხმარებოდა.