ქართულ ციხეებში დღევანდელ უმძიმეს მდგომარეობაზე არა მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცველები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ბევრს საუბრობენ. თუმცა არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის საკმაოდ მწვავე და კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება მაინც ამტკიცებს, რომ საქართველოში ევროპის დონის ციხეებია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი ცემის გამო პატიმრები საკუთარი უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ბოლო დროს მაინც იმატა საპყრობილეებიდან პატიმრების წერილების რაოდენობამ, სადაც ისინი უფლებადამცველების მხრიდან შველას ითხოვენ და ღიად საუბრობენ იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ქართულ ციხეებში დაკანონდა.
ქართულ ციხეებში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე საქინფორმი ქართველ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.– ქალბატონო ნანა, ამ ბოლო დროს საქართველოში გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, რაზეც მწვავე განცხადებებს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკეთებენ. კერძოდ, როდიდან აღინიშნება საქართველოში პატიმართა რაოდენობის მკვეთრი მატება?
– საქართველოში დღეს პატიმართა რაოდენობის მიხედვით გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ეს „ვარდების რევოლუციამდე“ იყო. მთავარი ციხეების ფასადისა და გარეგნული იერის შეცვლა კი არაა, არამედ იმ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, რომელიც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდება პატიმრების მიმართ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. 2004 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე 164 პატიმარი მოდიოდა, 2007 წლისთვის – უკვე 418, 2010 წლისთვის კი 602-ს მიაღწია. არადა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ციხეებში 23 864 პატიმარია, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ათას მოსახლეზე 538 პატიმარი მოდის. სინამდვილეში კი, საქართველოში პატიმრების რაოდენობის მიხედვით, წლიდან წლამდე „ცადატყორცნილ“ გრაფიკს ვიღებთ და ყოველ 100 ათას მოსახლეზე 602 პატიმარი გამოდის. ნულოვანი ტოლერანტობისა და განურჩევლად ციხეში ჩასმის ტენდენციამ ციხეები გადაავსო.
გარდა ამისა, „ვარდების რევოლუციამდე“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა. დღეს კი ეს სისტემა სრულად დაიხურა. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან კონტაქტის დამყარება შეუძლებელია, ტელეფონს არა თუ მინისტრი, სამინისტროს დამლაგებლებიც კი არ პასუხობენ.
– დღეს ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ქვეყანაში დანაშაულის რიცხვის შემცირებას ასახელებს. და თუ ეს ასეა, რატომ იმატა პატიმართა რაოდენობამ?
– ეს იმიტომ, რომ დღეს ციხეში უდანაშაულო ხალხს სვამენ. შეიძლება შემცირდა ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა მანქანის ძარცვა, მაგრამ ამის პარალელურად გაიზარდა სასტიკი
დანაშაულებების რიცხვი. ყოველდღიურად გადმოსცემენ ტელევიზიით მსგავს ინფორმაციას, რაც ყველამ კარგად იცის.
ეს კი განპირობებულია იმ სასტიკი პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. სასჯელის გამკაცრება არ იწვევს დანაშაულის შემცირებას. ეს ერთადერთი – ეკონომიკური ფონის ამაღლებითაა შესაძლებელი, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვლება გაჭირვების დონის მაჩვენებელი. ჩვენთან კი პირიქით, სოციალური ფონი დღითიდღე უფრო უარესდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დანაშაულის კლებაზე საუბარი.
ნებისმერი განვითარებული სახელმწიფოსთვის მთავარია ადამიანი, საზოგადოება და პიროვნების თავისუფლება. ამაზე უნდა იყოს სახელმწიფო აგებული. როცა პრიორიტეტად აღებულია ძალაუფლების შენარჩუნება, აქ ყოველგვარ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედმეტია.
– მინისტრი კალმახელიძე და პრეზიდენტი ხშირად იწონებენ თავს საქართველოში ევროპული დონის ციხეების არსებობით. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– ის განცხადებები, რაც მინისტრისა და პრეზიდენტის მხრიდან ისმის ხოლმე ევროპული დონის ციხეებზე, არის პირდაპირი ცინიზმი საზოგადოებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს გისოსებს მიღმა არიან. დღეს საქართველოს ციხეებში გაუსაძლისი და არაადამიანური ყოფაა და რომელ ევროპულ დონეზეა საუბარი?!
ეს სასტიკი პოლიტიკა თავის დროზე ციხეებში ბაჩო ახალაიამ შემოიტანა და დანერგა. მისი სახელი არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც ცნობილი იყო როგორც ჯალათი, მკვლელი, მწამებელი მინისტრი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებული გახდა, სამინისტროში ცვლილებები განეხორციელებინა, თუმცა ციხეებში ახალაიას მიერ დანერგილი პოლიტიკა დღემდე არ შეცვლილა. უფრო მეტიც, მთელი საკადრო პოლიტიკა დაკომპლექტებულია სწორედ ახალაიას გემოვნებით. მინისტრები იცვლებიან, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფასადური ცვლილებები, რადგან შიგნით – სტრუქტურაში ყველაფერი ძველებურად რჩება. ასეა დღესაც, სასჯელაღსრულებისა და პენიტენციარული სისტემის უფროსად, როგორც პრეზიდენტმა შეაფასა, ვნებიანი მინისტრი მოიყვანეს, მაგრამ ეს ვნებიანი მინისტრიც ბაჩო ახალაიას პოლიტიკის გამგრძელებელი აღმოჩნდა. ეს პოლიტიკა მხოლოდ ციხის უფროსების პოლიტიკა როდია, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ახალაიას მიერ დანერგილი პრაქტიკა არის სწორი და საჭირო. ის მხოლოდ უცხოელთა თვალისასახვევად გაარიდეს.
– როგორ უნდა დაიცვას დღეს პატიმარმა ციხეში უფლებები და, საერთოდ, შესაძლებელია ეს?
– დღეს პატიმარს საერთოდ დაუკარგეს მოტივაცია, იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. როგორც კი ამ ბრძოლას იწყებს, კიდევ უფრო უარეს წინააღმდეგობასა და პრობლემებს აწყდება.
პატიმარმა რომ უფლებების დაცვასა და პროტესტს არ მიმართოს, პრევენციის მიზნით მუდმივად სცემენ და აწამებენ. გარდა კონკრეტული პატიმრისა, ვინც ხმის ამოღებას გაბედავს, პრობლემებს უქმნიან კამერაში მის გვერდით მყოფებსაც. ამის გამო საკუთარი უფლებების დამცველ პატიმარს თანამოსაკნენი აიძულებენ, ხელი აიღოს პროტესტის გამოხატვაზე, რათა თავიდან აიცილონ ყოველგვარი ნეგატიური მოლოდინი.
გამომდინარე აქედან, პატიმრები ვეღარ ბედავენ საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას. გამონაკლის შემთხვევებში, როცა ათი ათასიდან ერთი ბედავს პროტესტს, გარეთ გამოსული ინფორმაციაც საოცრად საგანგაშოა.
ხშირად პატიმარს ზეწოლის კვალი გარეგნულადაც კი ეტყობა, მაგრამ მომხდარზე საკუთარ ადვოკატთანაც არ საუბრობს, რადგან ადვოკატის ვიზიტის შემდეგ ადმინისტრაციის მკაცრ ხელში უფრო მეტად დაუცველი რჩება.
პატიმრები სერიოზულად არიან შეშინებული. უარესობის მოლოდინში, ითხოვენ, მათი ვინაობა არ დავასახელოთ. ცემისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს მხოლოდ ჩვენი ინფორმირებულობის მიზნით გვიმხელენ.
– მდგომარეობის შესაცვლელად რა შეიძლება გაკეთდეს?
– ქვეყანაში დღეს არსებული სისტემის შეცვლის გარეშე ამ მდგომარეობას არაფერი ეშველება. დღევანდელ ხელისფლებას არ აქვს კეთილი ნება, ციხეებში მდგომარეობა გამოსწორდეს და პატიმრების უფლებები იყოს დაცული.
ესაუბრა
თეო ტაბატაძე