სამართალი
ანაკლიელთა გასაჭირი

anaklia_miwebiსაქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „IRI“-ს წარმომადგენლები ანაკლიის მოსახლეობას შეხვდნენ იქ მიმდინარე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებამ ანაკლიელებს მათ საკუთრებაში არსებული მიწები წაართვა. საკარმიდამო მიწები და სახნავ-სათესი ნაკვეთები, რომლებითაც ანაკლიელები მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდნენ, საჯარო რეესტრში გატარებული იყო როგორც მათი საკუთრება.

ანაკლიელები საჯარო რეესტრიდან მიწების საკითხის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას ითხოვენ. საჯარო რეესტრი კი ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ცნობას არ იძლევა.

დავით უსუფაშვილი შეხვდა ზუგდიდის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობასაც, მაგრამ იქ ვერაფერი გაარკვია. ისინი ხელს თბილისისკენ იშვერენ, თბილისი კი – ზუგდიდისკენ.

ანაკლიის მოსახლეობა თანახმაა, უკანონოდ წართმეული მიწების სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღონ, მაგრამ არც კომპენსაციის გამცემია ვინმე. ინვესტორები ანაკლიაში არ შემოდიან და, როგორც გაირკვა, არც აპირებენ შემოსვლას.

დავით უსუფაშვილი ანაკლიელებს დახმარებას დაჰპირდა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და სიმართლის დადგენას გეგმავს.

ანაკლიაში არსებული ვითარების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გადაეცა ევროკომისიის მონიტორინგის ზუგდიდის ოფისს, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის გვერდითაა განთავსებული.