უცხოეთი
დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 2020 წლის არჩევნებამდე სურს

 საქართველო, 1 აგვიტო, საქინფორმი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2020 წლამდე ამერიკული საბრძოლო შენაერთების რაოდენობა ავღანეთში მინიმუმადე დაიყვანოს. ტრამპის სტრატეგია, რომელიც 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, სამხრეთ აზიაში აშშ-ის სამხედრო ძალების შეუზღუდავად დატოვებას გულისხმობდა. ამით ვაშინგტონს სურდა ეიძულებინა მოძრაობა „თალიბანი“ ეწარმოებინა სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასთან და მრავალწლიანი ომის დამთავრებისთვის მიეღწია.

მაიკ პომპეომ ის პროგრესიც აღნიშნა, რაც ამ ეტაპზე სახეზეა მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებებში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ამერიკელების გამოსვლაზე ავღანეთიდან.

„იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში რეგიონში შემცირდება მოთხოვნილება სამხედრო ძალებზე“, - განაცხადა პომპეომ.

როგორც „როიტერსი“ წერს, ამერიკელების მიერ ჯარების გაყვანის კონკრეტული თარიღების დასახელებამ ავღანეთის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, განაცხადა, რომ თარიღების დასახელება „თალიბანს“ დამატებით ბერკეტებს აძლევს მოლაპარაკებების წარმოებისას. „მალე ავღანეთის ჯარებს დამოუკიდებლად მოუწევთ ომის წარმოება“, - განაცხადა ავღანელმა ჩინოვნიკმა.

ამჟამად ქვეყნის არმიის გასაწვრთნელად და დასახმარებლად ავღანეთში 20 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.