სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომელმაც აღკვეთი ღონისძიების სახედ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არსებული პრაქტიკა ცუდია.

ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ირაკლი ოქროაშვილის პატიმრობაში დატოვების გარემოებები არ არსებობს. საქმიდან გამომდინარე, არ არის მიმალვის ან ვინმეზე ზემოქმედების მოხდენის საშიშროება. მოსამართლეს შეეძლო გამოეყენებინა გირაო ან პირადი თავდებობა. იმედია სააპელაციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს“, - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.