აქტუალური
კერძო ტერმინალებს ჯარიმა დაეკისრათ

terminal„საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია“ ხელისუფლებას გაფორმების ეკონომიკური ზონის „გეზის“ მიერ მონოპოლიის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ასოციაციის ექსპერტმა ნიკოლოზ ზარდიაშვილმა საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, ფოთში არსებულ ტერმინალებს, რომელთა რაოდენობა ათ ერთეულს აღემატება, შემოწმების შუალედური აქტების საფუძველზე 20 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ტერმინალების გაკოტრება გარდაუვალია. თუმცა, მისივე თქმით, ფოთის ტერმინალებს ჯარიმის მოხსნას ჰპირდებიან, თუ ისინი პროფილს შეიცვლიან. ეს პროცესი კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: გეზის მიერ მონოპოლიის დამკვიდრებას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ექსპერტმა ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, იმ იმედით, რომ საპარლამენტო უმცირესობა გამოიყენებს ტრიბუნას და ამ საკითხს სამთავრობო კვირის დროს პარლამენტში დააყენებს.