სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. თბილისის პოლიციის სამმართველოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, ის დანაშაულს არ აღიარებს.

"რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას - ამაში სდებენ მას ბრალს. დანაშაულს, რა თქმა უნდა არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.