სამართალი
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი გააცნო, რის შემდეგაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა საგამოძიებო უწყება დატოვეს

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი გააცნო.

ხაზარაძე და ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც უწყება დატოვეს.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში განცხადება გაკეთდა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - განაცხადეს პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე.