აქტუალური
TBC Bank-ის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 12%-ით დაეცა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის მოსალოდნელი წარდგენა უკავშირდება 2007 და 2008 წლის ტრანზაქციებს, რომელშიც ჯგუფის შვილობილი – „თიბისი ბანკი“ მონაწილეობდა.

თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მოადგილემ დატოვეს თანამდებობები „თიბისი ბანკის“ ბორდში და დღეისთვის „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობენ. არ არსებობს რაიმე საფუძველი „თიბისი ბანკის ჯგუფის“, „თიბისი ბანკის“ ან ჯგუფის რომელიმე სხვა წევრის წინააღმდეგ ბრალის წარდგენისთვის“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ამ დროისთვის 7.5 პროცენტითაა შემცირებული.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.