აქტუალური
იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ.

ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:

ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;

დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;

დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;

ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;

ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.

ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

გადაწყვეტილებას ერთვის მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი 1 მოსამართლის ბ-ნი დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.