საზოგადოება
ბოლო თვის მოვლენებმა რუსულ-ქართული ურთიერთობები ნულოვან წერტილზე დაიყვანა - კონსტანტინ კოსაჩოვი

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. თბილისში ბოლო თვის მოვლენებმა რუსულ-ქართული ურთიერთობები ნულოვან წერტილზე დაიყვანა, – ამის შესახებ სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბოლო თვის ცნობილი მოვლენების შემდეგ – რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს, რაც მოხდა ქართულ ტელევიზიაში გასულ კვირას, ყველაფერმა ამან ჩვენი ურთიერთობები კვლავ მკვეთრად დახია უკან, პრაქტიკულად ნულოვან წერტილზე დაიყვანა“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

მისი თქმით, რუსეთში მოვლენების ასეთი განვითარებით გულწრფელად დამწუხრებული და იმედგაცრუებული არიან.

კოსაჩოვის განცხადებით, ორივე მხრიდან ცნობილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შემდეგ რუსეთი და საქართველო „შესაძლოა, პატარა ნაბიჯებით, თუმცა მაინც ლახავდნენ ცნობილ უთანხმოებებს, პოულობდნენ ადამიანების ნორმალური ურთიერთობებისთვის პირობების შესაქმნელად შესაძლებლობებს“ სავიზო პროცედურების გამარტივებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებით.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ეს არის „სხვისი სცენარები, რომლებსაც ორ ქვეყანას, ორ ერს თავს ახვევენ როგორც საქართველოს შიგნით რადიკალური ძალები, ისე გარე ძალები“.

ამასთან ერთად, კოსაჩოვმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას არა წლები, არამედ თვეები დასჭირდება.