პოლიტიკა
საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების 70% სრულად შესრულებული არ არის

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. 2019 წლის 2 ივლისს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის ანგარიში, სადაც აფასებს ქვეყნის მიერ 2016 წელს მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

შეფასების მეოთხე რაუნდში GRECO-მ შეისწავლა კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა სამი სხვადასხვა მიმართულებით: პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა. საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, IDFI-სგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ სფეროებში კორუფციის პრევენციის მიზნით, 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო 16 რეკომენდაცია.

GRECO-ს პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობას შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა და აღნიშნულის შესახებ GRECO-ს სამდივნოსთვის ინფორმაციის მიწოდება. 2019 წლის დასაწყისში, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, GRECO-მ შეაფასა 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა შესაბამისობის ანგარიშში, რომელიც 2 ივლისს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული 16 რეკომენდაციიდან საქართველომ ორი წლის განმავლობაში სრულყოფილად მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ არ შეასრულა სამი, ხოლო ნაწილობრივ შეასრულა რვა რეკომენდაცია.

2016 წელს GRECO-ს მიერ მიღებული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საკითხებზე IDFI უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ფორმატში საუბრობს, იქნება ეს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო, ღია მმართველობის ფორუმი, საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭო თუ სხვა. GRECO-ს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშით განსაზღვრული 16-დან ერთი რეკომენდაცია - ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება - ეხებოდა როგორც პარლამენტს, ასევე სასამართლოსა და პროკურატურას და ის შესრულებულად ჩაითვალა. დანარჩენი 15 რეკომენდაციიდან სამი ეხებოდა პარლამენტს:

1. საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის და ამ პროცესში საჯარო კონსულტაციების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა;

2. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება და აღსრულების უზრუნველყოფა;

3. პარლამენტის წევრების მიერ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ad hocგანაცხადის გაკეთების ვალდებულების უზრუნველყოფა.

პარლამენტის ნაწილში მიღებული სამი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად GRECO-მ არცერთი რეკომენდაცია არ ჩათვალა.

მიუხედავად იმისა, რომ GRECO-ს შეფასებით, პროგრესი სამივე რეკომენდაციის შესრულებაში დაფიქსირდა, მნიშვნელოვან ხარვეზად ჩაითვალა ის, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის წესს, რის გამოც, პრაქტიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი ან ცვლილება შესაძლოა, საზოგადოების მიერ მათი განხილვის გარეშე იქნეს მიღებული. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით GRECO-მ აღნიშნა, რომ მხოლოდ კოდექსის მიღება ვერ უზრუნველყოფს პრაქტიკაში ეთიკის ნორმების დანერგვას და აუცილებელია მას თან ახლდეს შესაბამისი წესით მომზადებული განმარტებითი დოკუმენტი, ტრენინგები და კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმი, რაც არ განხორციელებულა. რეკომენდაციების შეუსრულებლობის კიდევ ერთ მიზეზად ანგარიშში მითითებულია საკანონმდებლო ნორმების ბუნდოვანება პარლამენტის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის ad hoc გაცხადების ვალდებულებასთან დაკავშირებით.

GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა ორი რეკომენდაცია, ერთი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ხოლო სამი რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულია. სასამართლოს ნაწილში GRECO-ს რეკომენდაციები

გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ შემდეგ ვალდებულებებს:

- მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცესის რეფორმირება აღნიშნულ პროცესში გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით;

-მოსამართლეთა გადაყვანის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა იმგვარად, რომ თანხმობის გარეშე მოსამართლის ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანა მხოლოდ გამონაკლისის წესით იყოს დასაშვები;

-სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით;

-სამოსამართლო ეთიკის ნორმების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა;

-მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ობიექტურობის უზრუნველყოფა;

-მოსამართლეთა აბსოლუტური იმუნიტეტის შეზღუდვა ფუნქციურ იმუნიტეტამდე.

ხაზგასასმელია, რომ სასამართლოში დანიშვნა-დაწინაურების, ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დახვეწის, აგრეთვე საქმეთა განაწილების ობიექტურობის უზრუნველყოფის შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს და ყველა შესაძლო პლატფორმაზე მოუწოდებს მთავრობას, რომ აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები. სწორედ IDFI-სა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების აქტიური ადვოკატირების ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების შედეგია, რომ სასამართლოს ნაწილში ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებაზე, უმეტეს შემთხვევაში, GRECO-მ პროგრესი დააფიქსირა. კერძოდ, GRECO-მ სრულად შესრულებულად ჩათვალა რეკომენდაციები მოსამართლეთა გადაყვანასა და საქმეთა განაწილების ობიექტურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ხოლო შეუსრულებლად ჩაითვალა რეკომენდაცია მოსამარლეთა აბსოლუტური იმუნიტეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს, GRECO-ს მიერ მათ შესრულებაში აღმოჩენილი ხარვეზები შემდეგ საკითხებს უკავშირდება: მოსამართლეთა დაწინაურების პროცესის ბუნდოვანება, რომელთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ზომები არ მიუღია; სამოსამართლო ეთიკის ნორმების განახლებისა და დანერგვის საჭიროება, რაც დღემდე არ განხორციელებულა; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების ნათლად განსაზღვრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხის უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტის საჭიროება (ნაცვლად 2/3-სა), აგრეთვე დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. IDFI აქტიურად გააგრძელებს სასამართლო რეფორმის მონიტორინგს იმ მიზნით, რომ რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნეს GRECO-ს ყველა რეკომენდაციის სრულად დანერგვა.

GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის პროკურატურის სისტემაში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა ორი რეკომენდაცია, ორი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ხოლო ორი - ნაწილობრივ შესრულებულია. პროკურატურის ნაწილში GRECO-ს რეკომენდაციები გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ შემდეგ ვალდებულებებს:

- 2015-2016 წლებში განხორციელებული პროკურატურის რეფორმის მონიტორინგი და ხარვეზების გამოკვეთა-აღმოფხვრა;

- პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცესის რეგულირება აღნიშნულ პროცესში გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით;

- პროკურორებს შორის საქმეთა განაწილების, პროკურორისთვის საქმის ჩამორთმევის სისტემის დახვეწა ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით და ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომისთვის მიცემული მითითებების და საქმის ჩამორთმევის წერილობითი დასაბუთების უზრუნველყოფა;

- პროკურატურის ეთიკის ნორმების მუდმივი განახლება და პრაქტიკაში დანერგვა;

- ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების სუბიექტთა წრის გაფართოება იმ მიზნით, რომ საკანონმდებლო მოთხოვებით ყველა პროკურორზე ვრცელდებოდეს;

- პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დახვეწა და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ IDFI ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობის პროექტს, რომლის ფარგლებში IDFI-მ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლა, რამდენად შეიცავდა პროკურატურის სამოქმედო გეგმა GRECO-სა და სხვა რელევანტური ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებებს. პროექტის ფარგლებში IDFI-ის ექსპერტები აკვირდებიან პროკურატურის სამოქმედო გეგმის, მათ შორის, იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც GRECO-ს რეკომენდაციების დანერგვისთვისაა აუცილებელი. IDFI უახლოეს მომავალში დაასრულებს პროკურატურის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის 2017-2018 წლების ანგარიშს და შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.

GRECO-ს მიერ პროკურატურის ნაწილში განსაზღვრული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა პროკურატურის რეფორმის მონიტორინგთან დაკავშირებული ვალდებულება, რამდენადაც 2018 წელს ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პროკურატურა გამოეყო აღმასრულებელ ხელისუფლებას და სრულად დამოუკიდებელი უწყება გახდა. სრულად შესრულებულად ჩაითვალა აგრეთვე რეკომენდაცია პროკურორებს შორის საქმეთა განაწილების, პროკურორისთვის საქმის ჩამორთმევის სისტემის დახვეწასა და მითითებების წერილობითი დასაბუთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეუსრულებელ რეკომენდაციებს, შესრულების პროგრესი არ დაფიქსირდა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების სუბიექტთა წრის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები დღემდე არ ვრცელდება ყველა პროკურორზე. შეუსრულებლად იქნა მიჩნეული აგრეთვე რეკომენდაცია დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების ნათლად ჩამოყალიბებასთან და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ შესრულებული ორი რეკომენდაციის დანერგვასთან დაკავშირებით GRECO-მ შემდეგი ხარვეზები დაადგინა: პროკურორების დანიშვნისა და დაწინაურების მარეგულირებელი ნორმები კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია და გენერალური პროკურორისთვის ზედმეტად დიდ დისკრეციულ უფლებამოსილებას ითვალისწინებს; პროკურატურის ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით განმარტებითი სახელმძღვანელოს მიღება არ მომხდარა.

GRECO-ს პროცედურების თანახმად, შემდგომი 18 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები რეკომენდაციების სრულად დანერგვის მიზნით. IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და განახორციელოს GRECO-ს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება. პარალელურად, IDFI აქტიურად გააგრძელებს შესაბამისი რეფორმებისა და ცვლილებების ადვოკატირებას საკანონმდებლო, სასამართლო და საპროკურორო პროცესებში კორუფციის პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით.