პოლიტიკა
ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების საერთო პოზიციებზე საუბრისას იცრუა

nini_burjქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ოპოზიციის მხრიდან ნინო ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი, ნესტან კირთაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკა ლალიაშვილი და მანანა ნაჭყებია ესწრებოდნენ, რომელთაც შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდეს და აღნიშნეს, რომ „საუბარი, ძირითადად, კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოში დემოკრატიის არარსებობას შეეხო“.

მათი თქმით, საუბარი იყო ეუთოს როლზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხში, ასევე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და ქვეყნებს შორის შესაძლო დიალოგის დაწყებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელობაზე.

„თუ ხელისუფლება არ წავა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, ავტომატურად გაუღებს კარს იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა არ სურს“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ ოდნავ განსხვავებული განცხადება გააკეთა და, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია შეაჯერა, რაც შეხვედრიდან გამოსულ არცერთ ოპოზიციონერს არ უთქვამს. მისი თქმით, „შეხვედრაში მონაწილე ყველა ოპოზიციონერის მხრიდან დაფიქსირდა აზრი, რომ „ამ ვითარებაში არჩევნებს აზრი არ აქვს“.
„დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ, ყველანი, პრაქტიკულად, ერთსა და იმავეს ვამბობდით კონფლიქტურ ზონებსა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. არავის სჯერა, მათ შორის, არც მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე პროცესი რაიმეთი დასრულდება. ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობს, რომ ამ ვითარებაში არჩევნებს აზრი არ აქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

თუ ბურჯანაძის განცხადებას დავეყრდნობით, გამოდის, რომ აზრი არც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს აქვს. ვითარებაში გასარკვევად საქინფორმი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ოპოზიციური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელ მანანა ნაჭყებიას ესაუბრა, რომელიც ეუთოს თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა. ნაჭყებია აცხადებს, რომ „მსგავსი განცხადება იმის შესახებ, რომ „მოცემულ ვითარებაში არჩევნებს აზრი არ აქვს“, შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად არ გაკეთებულა და ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ თუ პროცესი ასე გაგრძელდა, მოვლენების არასასურველ განვითარებას ვერ ავიცილებთ თვიდან“.

„ჩვენ ეჭვი გამოვთქვით, რომ ხელისუფლება პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ათვიცნობიერებს და რაც მან ჩვენს წინადადებებს შეაგება, არაადეკვატურია. ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თუ პროცესი ასე გაგრძელდება, მოვლენების რევოლუციურ განვითარებას გვერდს ვერ ავუვლით, რაზეც ბურჯანაძეც დაგვეთანხმა“, – განაცხადა ნაჭყებიამ.