რელიგია
ილია მეორე: ადამიანებმა, რომელნიც ნაკლს ეძებენ სხვა პიროვნებებში, სინამდვილეში თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და დაიწყონ გამოსწორება

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქული არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. ტროპარი, რომელიც იგალობება, ძალიან მოკლეა, ჩვენ ეხლა ერთად ვიგალობოთ.

,,მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.”

არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმინდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია სვეტიცხოველში თორმეტი მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიო საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია აშენდა 12 მოციქულის სახელზე.

ყოველი ადამიანი ამ ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დავალებით მოდის. წმ. პეტრე და პავლე მოვიდნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი ეკლესიისა და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობის მომნიჭებელნი.

ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ ხდებოდა მათი მოღვაწეობა. ეს იმდენად მძიმე იყო, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე. პავლე მოციქულიც ასევე დიდი მოღვაწე და მქადაგებელი იყო. ისინი გამორჩეულნი იყვნენ და მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად აღნიშნულიყო.

მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია. მეუღლე, ცოლი, ეხვეწება ქმარსა, რომ მე მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მაქვს მე, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, ვერ დაიძინა, დილით კი ეუბნება, – ვერაფერი ვერ ვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც შენ ხარო. აი, ეს არის სიყვარული.

მინდა გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, გიყვარდეთ მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია, დიდი ძალაა. თუმცა არიან ადამიანები, რომელნიც კეთილ თვისებებს კი არა, ნაკლს ეძებენ სსხვა პიროვნებებში. თითოეულმა ჩვენგანმა სინამდვილეში თავის თავში უნდა მონახოს ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს გამოსწორება.

დღეს არის პეტრე-პავლობის დღესასწაული და ხვალ არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული, სვეტიცხოველში, მცხეთაში, ლოცვა დაიწყება დღეს 19:00 საათზე. დიდმა ჯგუფმა ჩვენი მორწმუნე ადამიანებისა, გამოიარეს წმინდა ნინოს გზა და ჩვენ შევხვდებით მათ სვეტიცხოველში.

წმინდა ნინოს და მოციქულების მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს, მთელს მსოფლიოს!

დღეს ვლოცავთ მგალობლიშვილების გვარს, დალოცვილი იყავით, გიხაროდეთ! იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! გამრავლდით! სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისათა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი.