სამართალი
თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რომ 1991 წელს დადგენილი საზღვრები აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში - ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, – ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა.

დარწმუნებული ვარ, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის წარმატების ისტორია. ბოლო ათი წლის განმავლობაში მიღწეულია ძალიან დიდი შედეგები. ეს წარმატებები და მიღწევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი გადმოსახედიდან. ჩემთვის კი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყანას შორის ხიდები აიგო. სწორედ ხიდების აგებაა საჭირო და არა კედლების. ამიტომ ეს მიღწევა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კლაუდია როთმა.

გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელია რეფორმების სრულყოფა.

არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანამ მიაღწიოს რამე მიზანს, გაჩერდეს და თქვას, რომ კმაყოფილა და მეტი არაფერი სჭირდება. არა, საჭიროა რეფორმების სრულყოფა იმისთვის, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრირება მოხდეს. როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის“, – განაცხადა ბუნდესტაგის ​ვიცე-პრეზიდენტმა.