სამართალი
ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისის მიმართულებით ფრენებს 16 ივლისიდან განაახლებს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ (AtlasGlobal), რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება.

რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა.

„ატლასგლობალი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „ატლასჯეტის“ (Atlasjet) სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.