პუბლიკაციები
კარასინი: ჩვენი ხალხის მიმართ უხეშობის და მუქარის გადაყლაპვა რუსეთის ტრადიციებში არ არის

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, მისთვის მტკივნეულია გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებს საშუალება მიეცათ, 20-21 ივნისის აქცია ანტირუსულ დემონსტრაციად ექციათ.

„ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კარასინი ამბობს, რომ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოსა და რუსეთს შორის 2012 წლის შემდეგ მიღწეული პოზიტიური შედეგები დარტყმის ქვეშ მოაქცია.

"ჩემთვის მტკივნეულია გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებს 20-21 ივნისის აქციის ანტირუსულ აქციად შემობრუნების საშუალება მიეცათ. შედეგად დარტყმის ქვეშ მოექცა ის, რაც პოზიტიურია საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში და რის მიღწევასაც 2012 წლიდან ერთობლივი ძალებით ვცდილობდით. ეს ახალი ატმოსფერო ჩვენი ერების სასიკეთოდ მუშაობდა და უკვე შედეგებიც მოჰქონდა.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყოველივე მყიფეა და შესაძლოა დაუფიქრებლად შეიცვალოს ბრბოს მიერ, მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.

რადიკალებმა, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებული, მარტივად შეიყვანეს ვითარება მტრობისა და კონფრონტაციის ჩიხში. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს კარგად გაიგეს".

კარასინმა ასევე თქვა, რომ "უხეშობის და მუქარის გადაყლაპვა რუსეთის ტრადიციებში არ არის".

"საქართველოში, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ რუსეთს აქვს პატივის და ღირსების თავისი წარმოდგენა. ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარისგადაყლაპვაჩვენი ადამიანების მიმართ.

იძულებულები ვართ, წინასწარ გავთვალოთ და გავანეიტრალოთ რისკები. იმედი მაქვს, ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ მიახვედრა ისინი, ვისაც სურს, ცინიკურად ჩაითვალოს ქულები პოლიტიკურ თამაშში ანტირუსული რიტორიკის და მუქარის ხარჯზე.

ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის. ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, მხარი დაუჭირონ სწორედ კონსტრუქციულ მიდგომებს", - თქვა მან.

რუს ჩინოვნიკს „ინტერფაქსმა“ ჰკითხა, ხომ არ იყო გადაჭარბებული რეაქცია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა.

"ეს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქციაა. დიახ, ის მკაცრია, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნება. საქმე ეხება ათასობით რუს ტურისტს. ჩვენ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ დავაყენოთ ისინი სხვადასხვა ტიპის ხულიგნობისგან, მით უმეტეს, რომ ამ მტრობას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აქეზებს. მათ რჩებათ საშუალება, ეს თავად გადაწყვიტონ. თუმცა, რუსეთის მთავრობის ამოცანაა, იდგეს ხალხის უსაფრთხოების და სიმშვიდის სადარაჯოზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი".

უკვე მე-13 დღეა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - მიღებულია 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საჯარო დაპირება, ასევე, "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ყველა ადამიანი მე-7 დღეს გაათავისუფლეს.

დარჩენილი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - კვლავ უცვლელია.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.