10 დღე გავიდა სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობიდან, რომელიც ისტორიაში როგორც „გავრილოვის რევოლუცია“ შევიდოდა. დროა, ემოციადამცხრალებმა რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ რფ-ის მე-7 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტს სერგეი გავრილოვს, რომელიც თბილისში 20-21 ივნისის ღამით დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების, ნებით თუ უნებლიეთ, საბაბი გახდა.
მაშ ასე, ამხანაგო გავრილოვ!
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. უპირველეს ყოვლისა, თქვენ სანახევროდ ქართველი ხართ, გაიზარდეთ თბილისში, საბურთალოზე, ბაბუათქვენი დედის მხრიდან - დიდი სამამულო ომის მონაწილე კაპიტანი გრიგოლ ნესტორის ძე ლომთაძე საქართველოშია დაკრძალული, ისევე, როგორც ჩემი ბაბუა, ავტობატალიონის მეთაური, რომელიც ბერლინამდე მივიდა. ჩვენ ორივე „სამოციანელები“ ვართ, წარმოშობით სსრკ-დან, ანუ ერთი თაობის შვილები (მე 4 წლით უფროსი ვარ). დაბოლოს, ორივეს გვაქვს კავშირი კომპარტიასთან: თქვენ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის და რუსეთის პარლამენტში ამავე სახელწოდების ფრაქციის წევრი ბრძანდებით, მე კი სკკპ წევრის პარტბილეთი რუსთაველის გამზირზე დავტოვე 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც საქართველოს კომკავშირის ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე ვიყავი, იმიტომ რომ შეგნებულად გავაკეთე არჩევანი ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური ფასეულობების სასარგებლოდ.
მე არ გკითხავთ - როგორ ახერხებთ, შეუთავსოთ კომუნისტური იდეოლოგია მართლმადიდებლურ რელიგიასთან და სანდახან, ანაფორა შესმული, ეკლესიაში მსახურიც: იყოთ კომუნისტი, მაშასადამე - ათეისტი, და ამავე დროს - მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი. ჩვენ გაცილებით უფრო დიდი სასწაულები გვახსოვს, როდესაც კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი და პოლიტბიუროს წევრი ედუარდ შევარდნაძე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა და ნათლობისას სახელი „გიორგი“ მიიღო.
არც იმას გეკითხებით - როგორ აღმოჩნდით საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ყოფილ მთავრობის სახლში, რომელიც გერმანელმა სამხედრო ტყვეებმა ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ააშენეს მისივე ბრძანებით აფეთქებული ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარის ადგილზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გოლოვინის პროსპექტზე (ამჟამად - რუსთაველის) კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად აღმართეს. არანაკლებ სიმბოლური იქნებოდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე სესიის ჩატარება მეზობელ შენობაში - კავკასიაში მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ნაცვლის, კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ ადიუტანტ გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის სასახლეში. მაგრამ ამჟამად მე სულ სხვა რამ მაინტერესებს, კერძოდ:
ამხანაგო გავრილოვ!
ვიცი, რომ „ლიოტჩიკის“ გული გაქვთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესანიშნავად მართავთ თვითმფრინავს - მფრინავის ძალზე მამაცი გული უნდა ჰქონოდა რუს დეპუტატს, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობას მისცა ხმა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ თბილისში ჩამოსვლა რომ გაებედა! 2013 წლის ივლისში თქვენ, ამხანაგო გავრილოვ, თბილისის „დინამოს“ და მოსკოვის „დინამოს“ ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად თბილისში ჩამოფრინდით. თქვენმა ჩამოსვლამ მაშინაც პროტესტის ტალღა გამოიწვია - თამაშის შემდეგ თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებმა დიდი აქცია მოაწყო, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო ტელემიმართვაში განაცხადა, რომ თქვენი ჩამოსვლით „შეილახა საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ღირსება, რომლის ტერიტორიაზე მისი მტრების ყოფნა დაუშვებელია“. მაშ რატომ დაუშვით დღეს წარსულის გამეორება? გსიამოვნებთ შეურაცხყოფის მოსმენა თუ დაგესიზმრათ, რომ მას შემდეგ საქართველოში რამე შეიცვალა?!
მაშ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამხანაგო გავრილოვ? რატომ გაოცდნენ რუსეთში და რა შუაშია აქ აშშ? განა ძნელი იყო იმის წინასწარ განჭვრეტა, რაც საქართველოში თქვენი ვიზიტის შედეგად დაიწყო? ნუთუ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვებს დაეყრდენით, რომელიც ძალიან მიაგავს კარლეს პუჩ-დემონს? ან საქართველოს პარლამენტის ყველაზე სასაცილო დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს დაუჯერეთ, რომელიც პუშკინთან გარეგნული მსგავსების გამო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის კულტურის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეთ?! თქვენი წყალობით მათ დღეს სამი ასოს დამატებით მოიხსენიებენ - თქვენ რომ ახლა გაიფიქრეთ, იმ ასოების კი არა, მხედველობაში მაქვს „ექს“.
ან იქნებ ამხანაგი გავრილოვი თბილისში თავისი ძველი მეგობრის - მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას გარანტიით ჩამოვიდა?! საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წრეებში დარწმუნებული არიან, რომ მან მოგისყიდათ, ფული გადაგიხადათ, რათა საგანგებოდ მოგეწყოთ ეს პროვოკაცია! რატომ არ უარყოფთ ამ ინფორმაციას, თუ ის ტყუილია?! თუ ქართველმა კოლეგამ დაგპატიჟათ - სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, პროფესიით ექიმმა ნევროპათოლოგმა?
„ათასი წელი“ არ დამსიზმრებიხართ, მაგრამ თავი რომ შეგეწუხებინათ და ჩვენთვის რჩევა გეკითხათ, თემაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი ექსპერტი გაგაფრთხილებდათ, რომ არ ღირს ამ ღონისძიების ჩატარება ასეთ არაკეთილსასურველ მომენტში. იმიტომ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა ღონისძიება რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით - ეს მედიაფორუმი იქნებოდა, ბიზნესფორუმი თუ ახალგაზრდული ფორუმი სააკაშვილის შავრაზმელებმა საპროტესტო ფლეშმობებით ჩაშალეს, რომლის ხილვის „ბედნიერება“ თქვენ გქონდათ და, რომელმაც თბილისის სიცხეში ქართული წყლით გაგაგრილათ (კიდევ კარგი, რომ ქართული მიწა არ მოგაყარეს!). რა თქმა უნდა, რუსოფობიით მოწამლული ახალგაზრდობის დახმარებით, რომელიც პუშკინს პუტინისგან ვერ ასხვავებს...
იქნებ საქართველოში არსებულ რუსული „ტუფტა“ ორგანიზაციებში აგროვებდით ცნობებს - გორჩაკოვის ფონდში, პრიმაკოვის ფონდში და რუსეთის ინტერესტთა სექციასთან არსებულ საქართველოში რუს თანამემამულეთა კრიმინალურ საბჭოში? მაშინ ყველაფერი გასაგებია, ისინი დანამდვილებით გეტყოდნენ, რომ ღონისძიების ჩატარებას წინ არაფერი უდგას! სხვაგვარად, მათ რომ გაეფრთხილებინეთ, ამისთვის აქ ატმოსფერო არცთუ საუკეთესოაო, კრემლში წარმოიშვებოდა შემხვედრი შეკითხვა - მაშ რაღა ჯანდაბას აკეთებდით მთელი ეს წლები საქართველოში, მოსკოვური დიდი ხელფასების ჩაჯიბვისა და რუსეთი კეთილშობილი იმიჯისთვის შესაქმნელად რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების გარდა, რისთვისაც ატკატებს აძლევდით ოდიოზურ მოსკოველ ჩინოვნიკებს?! სხვათაშორის, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში რატომ ჩამოიყვანეთ ერთ-ერთი ასეთი ჩინოვნიკი - რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ნიკოლაი ზემცოვი - „უკვდავი პოლკის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც იქიდან დესტრუქციული ქმედებების და კორუფციისათვის გააძევეს? სწორედ ის, ვინც შარშან ატკატი მიიღო თბილისიდან და სამოქალაქო წინააღმდეგობის პროვოცირება მოაწყო საქართველოში არარსებული „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის ჩატარების საბაბით!
ნათელია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ამბებს იუწყებიან, თქვენ არ გაინტერესებთ, ისევე, როგორც რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური, „შეშფოთებით“ აღსავსე შეტყობინებები საქართველოს შესახებ, მათ შორის - მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებები. მით უფრო თავს არ შეიწუხებდით, კონსულტაცია გეთხოვათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლისათვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, არადა, სამწუხაროა - ზურაბ აბაშიძე საქმიან რჩევას მოგცემდათ!
ახლა კი საქართველოსა და რუსეთს შორის 7 წლის მანძილზე შემუშავებული მთელი პოზიტივი წყალში გადაიყარა... ღირდა ამად, ამხანაგო გავრილოვ?! მართლმადიდებლობამ თქვენი ღონისძიებისაგან რაიმე მოიგო თუ პირიქით - მისი ჩაშლით დარტყმა მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის კავშირს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც არ სცნო ტომოსი უკრაინის ცრუ ეკლესიისთვის?!
არ გამოვრიცხავ, ამხანაგო გავრილოვ, რომ თქვენ ისე გინდოდათ, როგორც უკეთესია, გამოვიდა კი ისე, როგორც ყოველთვის, მაგრამ თუ შეიძლება, საკუთარი თავის გასამართლებლად აშშ-ს მოეშვით! ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ არაფერ შუაშია და არ არის საჭირო ფეიკების გავრცელებით საკუთარი თავის დამცირება! აშშ-ს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რომ მოენდომებინა, ხელს არავინ შეუშლიდა - საკმარისი იქნებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ერთი სატელეფონო ზარი. მოვალეობის შემსრულებლის - იმიტომ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უკვე ორი წელია, ამერიკის ელჩი არ არის! დონალდ ტრამპი, რომელსაც პუტინმა გასულ კვირას ტყუილად როდი უწოდა ნიჭიერი ადამიანი, ისე წავა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომ ჩვენთან ელჩს არ გამოაგზავნის - იმდენად არაპრიორიტეტულია თეთრი სახლისათვის დღეს საქართველო! ტრამპმა მხოლოდ ერთხელ, ორიოდე წუთით დართო ნება პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, სელფი გადაეღო მის სამუშაო მაგიდასთან, ისიც ფეხზე მდგარს და უხმოდ, იმიტომ, რომ ტრამპი ამ დროს იჯდა და მუშაობდა... ქართული სახელმწიფოს არც ერთ სხვა ხელმძღვანელს ტრამპი არ შეხვედრია, ხოლო იმისთვის, რომ დაჯავშნონ საქართველო, როგორც საუკეთესო პლაცდარმი ირანზე შესაძლო დარტყმისათვის, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც საკმარისია, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორთან მაიკლ კარპენტერთან უნისონში ურჩია საქართველოს, შეკვეცოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და ჩინეთთან და შეამციროს ტურისტების ნაკადი რუსეთიდან. რაც ოპოზიციის ანკესზე წამოგებულმა საქართველოს ხელისუფლებამ მორჩილად აღასრულა და თავისი მოსახლეობა სიღატაკეში ჩააგდო...
მაგრამ თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ვაშინგტონი მდგარიყო, რატომ მისცა უფლება კომუნისტმა გავრილოვმა, იგი პაიკად გამოეყენებინათ იმპერიალისტების თამაშში?! ნუთუ ამაში დამნაშავე თქვენი ქართული ფესვებია, იმიტომ რომ მოკლული ჟვანიას თეორიის მიხედვით, თუკი თქვენ ქართველი ხართ, თუნდაც სანახევროდ, მაშასადამე, სანახევროდ ევროპელი ბარძანდებით!
ამ წლების განმავლობაში რუსეთი იმდენად უდრტვინველად იტანდა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ანტირუსულ რიტორიკას, შედიოდა რა მათ აშშ-ზე დამოკიდებულ მდგომარეობაში, და ამავე დროს - საქართველოს ამდიდრებდა, რომ აშშ-ში სრულიად საფუძვლიანი ეჭვები გაჩნდა: ხომ არ არის ეს ყველაფერი თამაში, ვაშინგტონის ზურგს უკან თბილისისა და მოსკოვის საიდუმლო შეთქმულება?! ახლა ეს ეჭვები გაიფანტა, მაგრამ ქართველი ხალხის ახალი უბედურებების ხარჯზე, რადგან იმისთვის, რომ თავს უფლება მისცე, ტრამპის ტაქტიკა გამოიყენო - რუსეთს ეკინკლავო კრემლთან კავშირის არარსებობის დასამტკიცებლად - სულ ცოტა, აშშ-ის პრეზიდენტი უნდა იყო და არა პრემიერი ბახტაძე...
მაგრამ აშშ-ის ელჩის გარდა, საქართველოში არც რუსეთის ელჩია - და სწორედ თქვენი არაკომპეტენტური კოლეგების ისეთივე შეცდომების გამო, როგორიც - იმედი მაქვს, გულუბრყვილობით - გასულ კვირას თქვენ დაუშვით. ტყუილად კი არ უთქვამთ, ზოგჯერ გულუბრყვილობა ქურდობაზე უარესია! ამიტომ არ გაიმეოროთ შეცდომები, ამხანაგო გავრილოვ! შეეცადეთ რუსეთში, აშშ-ზე უფრო ახლოს იყოთ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან! და ნუღარ დაურიგებთ ორდენებს კიკაბიძისმაგვარებს, თუ არ გინდათ, ისინი სახეში მოგაყარონ ჯანმრთელობისათვის უფრო საშიშ სხვა საგნებთან ერთად!
დაფიქრდით ჩემს შეკითხვებზე, ამხანაგო გავრილოვ, სანამ შემოდგომაზე ისევ ჩამოხვიდოდეთ საქართველოში, ამჯერად უკვე „ტურისტად“, და ბაბუის საფლავს მოინახულებდეთ. ამავე დროს არც ის დაივიწყოთ, რომ ასიათასობით ქართველს წართმეული აქვს შესაძლებლობა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ახლობლების საფლავები მოინახულონ...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 1 ივლისი
საქართველო, თბილისი