უცხოეთი
„როიტერი“ - თურქეთის მთავრობა ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 46 მილიარდი ლირის დახარჯვას აპირებს

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის მთავრობა ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 46 მილიარდი ლირის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, სამმა დამოუკიდებელმა წყარომ დაადასტურა, რომ თურქეთის ხაზინა უახლოეს ხანში პარლამენტში წარადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც ცენტრალური ბანკის კუთვნილი 46 მილიარდი ლირა (8 მილიარდი დოლარი) თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოხმარდება.

„როიტერის“ ცნობით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 66,5 მილიარდ ლირას მიაღწია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი 80 მილიარდ ლირამდე გაიზრდება.

ამასთან ერთად, თურქეთის მთავრობა გეგმავს ახალი გადასახადის დაწესებას იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ერთ მილიონ ლირას ან მეტს შეადგენს. ასეთი პირებისთვის საშემოსავლო გადასახადმა შესაძლოა, 50%-ი შეადგინოს.

ამავე დროს კორპორაციული გადასახადი 22-დან 20%-მდე შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ თურქული ლირა დოლართან მიმართებით შარშან 30%-ით გაუფასურდა. წელს ლირის ღირებულება კიდევ 10%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი დოლარის შეძენა თურქეთში 5,77 ლირადაა შესაძლებელი.

1tv.ge