უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, პირადად განიხილა ეს საკითხი გერმანიის კანცლეთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს და ეცადა, დაერწმუნებინა ისინი, რომ რუსეთის დელეგაციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ასამბლეის პრინციპულ მოთხოვნებს შეასრულებს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა არ მოგვისმინეს. მადლობელი ვარ უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის და მეგობარი ქვეყნების დელეგაციების, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ ბოლომდე“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.

რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.

რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა სომხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ხორვატიის დელეგაციების წევრთა ნაწილმა.

საბოლოო ჯამში, სულ რეზოლუციას ასამბლეის 118-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 62 დელეგატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.

1tv.ge